Kitabı oku: «წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ», sayfa 7
XVII
მერმე, შემდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაჲ სამოელ და იოვანე ეპისკოპოსი, მისივე მოყუასი, რომელ-იგი იყვნეს განმამტკიცებელ და დიდად დამაშურალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს მონა, და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა; მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტჱსისა. მსგავსად მისვე სახისა აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი მოვიდეს. ეგრეთვე, რომელნი-იგი გულს-მოდგინებით მონაწილე ყოფილ იყვნეს შრომათა მათ მისთა სანატრელობით, ვითარცა ახოვანსა მჴნესა მიჰვედრიდეს ქრისტესა.
და თხოვასა ერთსა ითხოვდეს მისგან ყოველნი იგი ეპისკოპოსნი და აზნაურნი ერთბამად, რაჲთა ბორკილი იგი ფერჴთაჲ ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველთათჳს, რომლისათჳსცა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ, ვითარმედ “მე რაჲ ვარ, არა ღირსი ესე? ხოლო ღმრთის-მოყუარებისა თქუენისათჳს ხუცესმან აღივსენ წადილი თქუენი მაგის სახისათჳს. ხოლო მე რაჲ-მე რაჲ შემძლებელ ვარ, არამედ ყოვლად-სავსემან ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა კეთილითა, რომელნი ესე ჩემთჳს მოშუერით და ეზიარენით ვნებათა ამათ ჩემთა და ჭირთა და ტანჯვათა. ხოლო მე, საყუარელნო, აჰა ესერა, წინაგანმზადებულსა მას გზასა წარვალ საუკუნესა. ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარული, სატანჯველთა ამათ წილ განსუენებაჲ, გუემათა ამათ ჩემთა და თრევათა და შეურაცხებათა – მივემთხჳო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა”. და იგინი ჯმულნი, ცრემლითა სავსენი, ძლევისა მისთჳს დიდებას ღმრთისა მიმართ შესწირვიდეს და გამოვიდეს ციხით და წარვიდეს.
XVIII
და მოიწია დღჱ იგი წოდებისა მისისაჲ. და მოუწოდა ეპისკოპოსსა მისისა სახლისასა აფოცს და მადლსა მისცემდა მისა მიმართ მოწლეობისა მისისათჳს ვითარცა მამასა და მამა-მძუძესა. შემვედრა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი ესე და შეჰვედრებდა ნეშტთა მათ ძუალთა მისთასა და უბრძანებდა დასხმად ადგილსა მას. ვინაჲცა-იგი პირველად გამოითრიეს და ეტყოდა: “უკუეთუ ღირს რჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა”.
და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: “კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშჳდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე”. და შეჰვედრა სული თჳსი უფალსა ყოველთა შემწყნარებელსა.
XIX
და მაშინღა მსწრაფლ მოიღო სანატრელმან მან ეპისკოპოსმან იოვანე შესაგრაგნელად სუდარი წმიდაჲ წმიდათა მათ და პატიოსანთა ნაწილთა მისთაჲ და ეგრეთ სხუათა მათ აღვიღეთ გუამი იგი ფრიად დამაშურალი და დაჭმული მატლთა, და განვბანეთ იგი მატლისა მისგან მიწოვანისა და თხრამლისაგან, და შევჰმოსეთ მჩურითა მით. და მაშინღა ეპისკოპოსთა მათ ორთავე. იოვანე და აფოც, ვითარცა ჴართა მჴნეთა დაუღლვილთა ზესკნელისა მის ფასისათა, ყოვლით კრებულითურთ ფსალმუნითა სულიერითა და კეროვნითა აღნთებულითა და საკუმეველითა სულნელითა აღვიხუენით პატიოსანნი ძუალნი და გამოვიხუენით წმიდასა მას ეკლესიასა. და დავჰკრძალენით წმიდანი იგი და დიდებულნი და პატივცემულნი ნაწილნი წმიდისა შუშანიკისნი განმზადებულსა მას ადგილსა. და მას ღამესა ანგელოზთა სახედ ღამჱ იგი განვათიეთ და დავითის ქნარითა მით ყოვლად ძლიერსა ღმერთსა და ძესა მისსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ვადიდებდით, რომელი ყოვლითა ყოველთა მიმართ შემძლებელ არს და განამჴნნის მამანიცა და დედანიცა და თჳსთა მათ თჳსი იგი ძლიერებისა ძლევაჲ მიჰმადლის ყოველთა, რომელნი ეძიებენ მას ერთითა გულითა.
XX
და არს დასაბამი ტანჯვათა მათ წმიდისა შუშანიკისთაჲ თთუესა აპნისისასა, მერვესა თთჳსასა და დღესა ოთხშაბათსა; და მეორედ გუემაჲ მისი შემდგომად აღვსებისა ზატიკსა, დღესა ორშაბათსა; და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თთუესა ათცხრამეტსა. და აღსრულებაჲ მისი თთუესა ოკდონბერსა ათჩჳდმეტსა, საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანჱსთა. და დღჱ ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებლად და საქებელად ღმრთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომლისა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.