Kitabı oku: «წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ», sayfa 5

Yazı tipi:

XII

ხოლო წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა გულს-მოდგინებითა ჴელთა აღიხუნა დავითნი და მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა, რომლითა იგი დღჱ და ღამჱ ზესკნელისა მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას გალობასა შესწირვიდა ცრემლით.

და უთხრეს ნეტარსა შუშანიკს, ვითარმედ “შვილნი იგი შენნი მიაქცინა მოგობასა”. მაშინ იწყო თაყუანის-ცემად ღმრთისა მიმართ ტირილითა დიდითა და თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა. სულთითქუნა და თქუა: “გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნეს-ვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და მე დამიცევ საქმეთაგან მტერისათა”.

და მე მივედ და ვიხილე წმიდაჲ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა. და რამთუ მოეძღუანა წმიდასა მას ეპისკოპოსსა საზრდელი და ვითარ ფრიად ვაიძულე, მცირედ ოდენ გემოჲ იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა. და ვიდრე მუნ ჟამადმდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა; ხოლო რაჟამს მიაქცინეს და უვარ-ყვეს ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელიცა მათი სძაგდა სმენად.

XIII

და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: “ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად; უკუეთუ არა მოხვიდე შინა, ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა”. ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრქუა ესრეთ: “უბადოო და უგულისჴმოო, ხოლო მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე”. და გულსა ეტყოდა პიტიახში იგი სიტყუათა მათთჳს, ვითარ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედ “ვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე მივემთხჳო”, ვითარმედ “ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს”. და მიერითგან არღარავინ მიავლინა მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ ბოროტთა მათ გუემათა და თმენათათჳს იტყოდა, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა.

ხოლო პიტიახშმან გამოარჩია ძუძუჲს-მტჱ მისი საკუთარი, რაჲთა მოიყვანოს იგი ტაძრად. და ვითარცა ჰრქუა კაცმან მან: “ისმინე ჩემი და ჩამოვედ ტაძრად, და ნუ აოჴრებ სახლსა მას თქუენსა”, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: “არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ “შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით”. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებად, პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით გამითრიო“. და ვითარცა მიუთხრეს პიტიახშსა სიტყუაჲ იგი და მან თქუა: “ნანდჳლვე ვთქუ ეგე!”.

და მეორესა დღესა შემო-ვინმე-ვიდა და ჰრქუა წმიდასა შუშანიკს: ”კეთილად მიუგე მას სიტყუაჲ იგი, რამეთუ მაგით სახით ეგულებოდა შეტყუვილი შენი და მას სხუაჲ ზრახვაჲ გულსა მოეჴადა სიბოროტისაჲ შენთჳს”. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: “და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა, რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი: “მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ”.

XIV

და ვითარცა აღივსებოდა მეექუსჱ იგი წელი საპყრობილესა მას შინა, ჯეკმა დამაშურალობითა შრომათა მათ შინა სიმჴნისა მისისაჲთა სენი სნეულებისაჲ მოიწია მის ზედა, რომელსა-იგი წინაჲსწარ უღაღადებდი და ვეტყოდე, ვითარმედ “ნუ ჯეკმა, რამეთუ დაუმძიმებ ჴორცთა მაგათ ზედა, რამეთუ ვერ დაგითმონ და მერმე ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რაჲსმე საქმედ კეთილსა ეგოდენითა მაგით ფიცხლად მარხვითა და მარადის ზედგომითა და ღამე ყოველ დაშურომითა, ფსალმუნებითა და გალობითა”. და არცაღა მცირედ სადა სცა ჴორცთა მისთა განსუენებაჲ, და შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი.

ხოლო დიდთა მათ მარხვათა აღვსებისათა ერგასისთა მათ დღეთა, ექუსთა წელთა შინა არცა დღისი, არცა ღამჱ არა დაჯდის ქუე, არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარის ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა; და მცირედ ოდენ წუენი მხალისა შექმნული – იგიცა მცირედ – მიიღის, ხოლო პურისა გემოჲ არა იხილის, ვიდრე აღვსებადმდე.

და მიერ დღითგან, ვინაჲთგან პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა, სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის, გარნა ალიზი ერთი დაიდვის სასთუნალ და ქუესაგებელად იყო გირჯაკი ერთი ძუელი და კაცთა თუალსა – სასთაული ერთი ხალენისა უცნ სასთუნლით კერძო. და თაყუანის-საცემელად კილიკი ერთი მცირჱ ქუე წარუგდებიედ, და გრწყილი და ტილი მოუგონებელი ადგილსა მას დასხმულ იყო. ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლისა მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწერტილნი და დამჭნარნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირ-მსივანნი და დღე-მოკლედ ცხორებულნი; და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა. და ესეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრველთა შინა ადიდებდა ღმერთსა.