Kitabı oku: «წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ», sayfa 3
VII
და ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ: “წყლულებისა მისგან ვითარ არს?”. ხოლო მან ჰრქუა მას: “ვერ განსარინებელ არს იგი”. მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი და დაუკჳრდა დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი. და ამცნო მსახურსა მას და ჰრქუა: “ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა”. და თჳთ ნადირობად წარვიდა.
ხოლო მე აღვდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: “მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი”. ხოლო მან მრქუა მე: “ნუუკუე ცნას და მომკლას მე”. და მე ვრქუ მას: “უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა? და თუცა მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?!”. მაშინ შემიტევა მე ფარულად. და ვითარ შევედ შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: “ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე”. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: “მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთაცუეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა, ჰე, ღამე თუ განიკურნო!”. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: “ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე გამწმედელ არს ცოდვათა ჩემთაჲ”.
ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: “ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოჲს-ხილვად, რამეთუ ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ არიან”. მაშინ მივიღე მცირედ ღჳნოჲ და პური დავალბე და მცირედ გემოჲ იხილა.
და მე ვისწრაფდი გამოსვლად. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: “ხუცეს, მიუძღუანოა სამკაული ესე მისი? ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარად მეჴმარების”. ხოლო მე ვარქუ: “ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა”.
და ჩუენღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა ყმაჲ ერთი და თქუა: “იაკობ მანდა არსა?”. და მე ვარქუ, ვითარმედ “რაჲ გინებს?”. და მან მრქუა: “უწესს პიტიახში”. და მე დამიკჳრდა, თუ “რაჲსა-მე მიწესს ამას ჟამსა”. და მივისწრაფე და მივედ. და მან მრქუა მე: “უწყია, ხუცეს, მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა. და ჩემი სამკაული მას არა დაუტეო, ოდეს იგი არა ჩემი ცოლი არს, – იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა რაჲ არს”. ხოლო მე მივედ და უთხარ წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად და მადლი მისცა ღმერთსა და ყოველივე მომიძღუანა და მივართუ პიტიახშსა. და მან მიიღო ჩემგან, აღიხილა და იპოვა ყოველი გებულად. და კუალად თქუა: “მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს”.
VIII
და ვითარცა მოიწინეს დიდნი იგი მარხვანი, მივიდა ნეტარი იგი შუშანიკ მახლობელად წმიდასა ეკლესიასა და იძია მცირჱ სენაკი და მუნ დაეყუდა. და იყო სენაკსა მას მცირჱ სარკუმელი და დაყო იგი. და იყო იგი ბნელსა მას შინა მახრვით და ლოცვით და ტირილით.
და ჰრქუა ვინმე პიტიახშსა საკუთარმან მისმან, ვითარმედ: “ამათ წმიდათა მარხვათა ნურას ეტყჳ მას”.
და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაჲსა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა. და აღდგა, და მივიდა ეკლესიად და ეტყოდა ეპისკოპოსსა მას აფუცს: “გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?”. და იწყო გინებად და გმობად ღმრთისა სასტიკად. ხოლო ხუცესმან ერთმან ჰრქუა მას: “უფალო, რაჲსა ეგრე იქმ და იტყჳ ეგრეთ ბოროტსა და აგინებ ეპისკოპოსსა და წმიდასა შუშანიკს რისხვით ეტყჳ?”. ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა და მან ვერღარა იკადრა სიტყუად.
და ეგრეთ წმიდაჲ შუშანიკ თრევით მოითრია თიჴათა შიგან და ეკალთა ზედა, ეკლესიით ვიდრე ტაძრამდე, ვითარცა მკუდარი მიეთრია. და ადგილდ-ადგილდ ქუე ძეძჳ დაეფინა. და თჳთ ფერჴნი დაიდგნის ძეძუსა მას ზედა, და კუბასტნი შუშანიკისნი და ჴორცნი წულილ-წულილად დაებძარნეს ძეძუსა მას. და ეგრეთ მოიყვანეს იგი ტაძრად. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ცემაჲ, ბოროტებდა და იტყოდა: “აჰა ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი”. და ვითარცა სცეს კუერთხითა სამას ოდენ, არარაჲ აღმოჴდა პირსა მისსა ვაჲებაჲ, არცა კუნესაჲ. მაშინღა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ ურჩულოსა ვარსქენს: “უბადოო, შენღა თავი თჳსი არა შეიწყალე და განსდეგ ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა?”.
და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა ჩჩჳლთა მათ ჴორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებად ჯაჭჳ ქედსა მისსა. და უბრძანა სენაკაპანსა ერთსა, რაჲთა წარიყვანონ წმიდაჲ შუშანიკ ციხედ, და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი და მოკუდეს.