Kitabı oku: «წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ», sayfa 4

Yazı tipi:

IX

დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ “მტკიცედ დეგ!”. და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვეღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: “მტკი..” და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით.

მაშინ წარმოიყვანეს და მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უჴამური და თმა-გარდატევებული ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მჴედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა.

და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაჲ, სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს, და იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთჳს. ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: “ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით”. და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი ტირილი მამათაჲ და დედათაჲ, მოხუცებულთა და ყრმათაჲ, მჴედრ მიმოდასდევნინ და მეოტ ჰყოფნ მათ ყოველთა. და ვითარცა მიიწინეს ჴიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: “შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ”.

და ვითარცა შევიდეს ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოჲთ კერძო, მცირჱ და ბნელი, და მუნ შეაყენეს წმიდაჲ იგი. და ჯაჭჳ იგი, რომელ ედვა ქედსა მისსა, ზედა ეგრეთვე ედვა, და დაჰბეჭდა ურჩულ[ო]მან ვარსქენ ბეჭდითა თჳსითა. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: “მე ამას მხიარულ ვარ, რაჲთა აქა ვიტანჯო და მუნ განვისუენო”. ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას: “ჰე, ჰე, განისუენე!”

მაშინ დაადგინნა მცველნი მის ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი. და ესრეთ ეტყოდა მათ: “გეტყჳ თქუენ, უკუეთუ ვინმე შევიდეს მისა მამაკაცი, გინა დედაკაცი, იხილენით თავნი თქუენნი და ცოლნი და შვილნი და სახლნი თქუენნი, უბრალომცა ვარ, რაჲ გიყო თქუენ”.

X

მაშინ გამოვიდა ციხით. და მესამესა კჳრიაკესა მოუწოდა მცველსა ერთსა, ჰკითხა მას და ჰრქუა: “აქამომდე ცოცხალღა არსა საწყალობელი იგი?”. ხოლო მან ჰრქუა: “უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ არარას მიიღებს საზრდელსა”. ხოლო მან ჰრქუა: “ნურარაჲ გგლიან, უტე, – მოკუდეს”.

ხოლო მე მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას და უქადე ჭურჭერი ერთი სამისოჲ. და ძნიად თავს იდვა შეტევებაჲ ჩემი და მრქუა მე: “რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტოჲ”. და ვითარ შემიყვანა მცველმან მან, და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტჱსი შუენიერად ვითარცა სძალი შემკული საკრველთა მათგან, და მე, ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: “კეთილისა ამისთჳს სტირა, ხუცეს?”. ხოლო მცველმან მან მრქუა მე: “ესეღა თუმცა მეცნა, არამცა შემოგიტევე შენ”. ხოლო მე ვიწყე სიტყუად და განმტკიცებად მისა, რავდენი ღმერთმან მომცა მე სიტყუად. და ვიჯმენ მისგან და წარვედ სწრაფით ვანად ჩემდა.

ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა.და ჯოჯიკ ძმაჲ მისი არა დახუდა, ოდეს საქმჱ ესე იქმნა წმიდისა შუშანიკის ზედა. და ვითარ მოიწია ჯოჯიკ, უკუანა სდევდა პიტიახშსა. და მიეწია მას საზღვართა ჰერეთისათა და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი. და ვითარ ფრიად აწყინა, ბრძანა განტევებაჲ საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰჴადა ჯაჭჳ იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაჲ არა თავს იდვა წმიდამან შუშანიკ ვიდრე აღსასრულამდე მითურთ.

რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღასრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა: მარხვითა, მარადის მღჳძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაჲთა მოუწყინებელად. განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხჱ სულიერითა მით ქნარითა.

XI

და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმჱ მისი. და მოვიდოდეს მამანი და დედანი აღნათქუემთა შეწირვად და, რაჲ ვის უჴმდა, მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა ნეტარისა შუშანიკისითა, რომელსა მოსცემდა მას კაცთ-მოყუარე ღმერთი: უშვილოთა შვილი, სნეულთა კურნებაჲ, ბრმათა თუალთა ა[ღ]ხილვაჲ.

იყო ვინმე დედაკაცი ერთი სპარსი მოგჳ, რომელსა განბორებისა სალმობაჲ აქუნდა. და მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა. ხოლო იგი ასწავებდა მას, რაჲთამცა დაუტევა მოგობაჲ იგი და იქმნა იგი ქრისტიანე. ხოლო დედაკაცმან მან თავს იდვა ადრე-ადრე. და იგი ასწავებდა დედაკაცსა მას და ეტყოდა, ვითარმედ “მივედ იერუსალჱმდ და განსწმიდნე განბორებისა მაგისგან შენისა”. და მან გულს-მოდგინედ შეიწყნარა და წარემართა გზასა მას სახელითა ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა და განიკურნა იგი სალმობისა მისგან. და ვითარ გარე-მოიქცა იგი სიხარულითა დიდითა და მოიწია მუნვე, მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა მადლისა გარდაჴდად და წარვიდა სახიდ თჳსა სიხარულით განმრთელებული.